ჭიათურის სოფელ საკურწეს მოსახლეობამ ახალი წყალი მიიღო
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ საკურწეში იმყოფებოდა,სადაც წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა და 140 მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მოძველებული ინფრასტრუქტურისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, აშენდა სატუმბო სადგური, დამონტაჟდა 40 ტონიანი წყლის რეზერვუარი და გაყვანილი იქნა ახალი მილები.
შპს“„ჭიათურის წყლის“ კომპანიის დირექტორის როინ კუსიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში აქ მოეწყობა ლაბორატორია, დაიდგმება საქლორატორო აპარატი, საიდანაც მოსახლეობა სტანდარტების შესაბამის სასმელ წყალს მიიღებს.
სოფელში შეკრებილ მოსახლეობას ჭიათურის მერი მიესალმა,მიულოცა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და აღნიშნა,რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ახალი მილების გაყვანა,სატუმბო სადგურების აშენება და წყლის რეზერვუარების დამონტაჟება.
„ ეტაპობრივად ვეცდებით, ყველა სოფელში ყველა უბანმა მიიღოს წყალი“- განაცხადა გივი მოდებაძემ
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა: გიორგი ბიწაძემ,დავით ბიწაძემ,ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ტარიელ ჩუბინიძემ და ქვაციხის დეპუტატმა მევლუდ მოდებაძემ.