თეატრალურმა სტუდია „ცისკარამ“ XV თეატრალური სეზონი დაასრულა
ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულმა,გივი მოდებაძის სახელობის თეატრალურმა სტუდია“ცისკარამ“( ხელმძღვანელი თინათინ კუპატაძე),რომელსაც დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა, სეზონი გახმაურებული სპექტაკლით- „თამრიკო და ბეკეკა“ დაასრულა.
აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ სპექტაკლ -ოპერეტას,რომელიც 50 წლის წინათ დაიდგა ჭიათურაში, იმ პერიოდში რესპუბლიკის მასშტაბით დიდი წარმატება ხვდა წილად და მრავალი საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი გახლავთ.
პიესის ავტორია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გივი მოდებაძე, კომპოზიტორი- გივი თხელიძე,მხატვარი -მიხეილ ჩახუნაშვილი,ქორეოგრაფი -ლალი პაპიჯანოვა. სპექტაკლი ცნობილმა რეჟისორმა თამაზ ელიავამ განახორციელა.
„თამრიკო და ბეკეკა“ საქართველოს ტელევიზიის ოქროს ფონდშია შესული.
ამდენად, დიდი იყო დღევანდელი სპექტაკლისადმი ინტერესი და უნდა ითქვას,რომ ბავშვებმა შესანიშნავად გააცოცხლეს ცნობილი გმირები.
წარმოდგენის დასასრულს კი,მაყურებელს სიურპრიზი შესთავაზეს - საფინალო სიმღერის დროს, თამრიკოს როლის ცნობილი შემსრულებელი და ოქროს მედლის ლაურეატი, ექიმი მანანა ტაბატაძე აიყვანეს სცენაზე და ერთად შეასრულეს გივი თხელიძის ცნობილი სიმღერა ოპერეტიდან.
დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ პიესის ავტორის გივი მოდებაძის და კომპოზიტორ გივი თხელიძის ოჯახის წევრები-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ნანული წერეთელი. ქორეოგრაფმა ლალი პაპიჯანოვამ 50 წლის წინანდელი წარმატების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ იქმნებოდა ცნობილი ოპერეტა.
ჭიათურის მერმა მადლობა გადაუხადა თეატრალურ სტუდიის ხელმძღვანელს თინათინ კუპატაძეს იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რასაც ის და სტუდიის მესვეურები ეწევიან ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში.
თეატრალურმა სტუდია „ცისკარამ“ XV თეატრალური სეზონი დაასრულა.
25 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, სტუდია მიემგზავრება ქობულეთში, ფესტივალში „მზიანი საქართველო“ მონაწილეობის მისაღებად.