Hot line:252731

ჭიათურაში მუზეუმ-კორტი გაიხსნა

27 May, 2022

ჭიათურაში, ქალაქის ისტორიულ ადგილას, სადაც 1892 წელს საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი მდებარეობდა - ღია მუზეუმი გაიხსნა.

ღონისძიებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია,კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ეკატერინე შავლაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჩოგბურთო მოედანს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან, წლების წინ, სწორედ ამ ტერიტორიაზე აშენდა საქართველოში პირველი კორტი ჭიათურაში. პროექტის ფარგლებში გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ისტორიულ კედელს, კიბის საფეხურებს, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობას, მოეწყო რეკრეაციული ზონა მწვანე ნარგავებით, ასევე, მოსასვენებელი სივრცე, საიდანაც კარგად ჩანს ქალაქ ჭიათურის ხედები.

მუზეუმ-კორტის ტერიტორიაზე, ამავე სივრცეში, წარმოდგენილია სიმბოლური მხატვრობა, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კედელი, რომელზეც დატანილია კორტის ისტორია, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჭიათურაში მოღვაწე ჩოგბურთელის - იან ჰომერის შესახებ.

ქართული ჩოგბურთის ისტორიაში იან ჰომერს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ცამეტი წლის ასაკში იან ჰომერი უკვე ჭიათურის ჩემპიონი იყო, ოცი წლის ასაკიდან კი თბილისისა და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი ათი წლის განმავლობაში, 1927 წლამდე. პირველობა მოგვიანებით მისმა მოსწავლეებმა გადაიბარეს, გამოჩენილმა ჩოგბურთელებმა ედუარდ ნეგრებეცკიმ და არჩილ მდივანმა.

საქართველოში ჩოგბურთის განვითარება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ინგლისური ფირმა “Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მოსახლეობას ახალი თამაში გააცნო. მაშინ ინგლისელებმა ჭიათურაში ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი, სწორედ ჭიათურაში გაეცნო ჩოგბურთს. ქართული საჩოგბურთო სკოლის განვითარება კი იან ჰომერის ინიციატივით დაიწყო. პირველად იყო ჭიათურა, შემდეგ თბილისი, ბათუმი და მოგვიანებით სხვა ქალაქები.

 აღსანიშნავია,რომ მუზეუმ-კორტის მოწყობის მიზნით,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსის წესით შეარჩია დიზაინი,რომლის საფუძველზეც შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სამუშაოები შეასრულა შპს "ჯორჯიან მანგანეზმა"

კომპანია წლებია საქმიანობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და მუზეუმ-კორტის აშენებაც, სწორედ ამ პასუხისმგებლობის ნაწილია.

  

 

Share page