1924 წლის აგვისტოს აჯანყებიდან 100 წელი გავიდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში დღეს, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება გაიხსენეს და სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექასანდრე ციცქიშვილმა 1924 წლის აჯანყების გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ფოტო-გამოფენა გაიმართა. მუზეუმის დირექტორმა ინგა მაჭარაშვილმა მიმოიხილა 1924 წლის მოვლენები. სიტყვით გამოვიდა აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის მიხეილ გაფრინდაშვილის შთამომავალი, ასოცირებული პროფესორი, დოკუმენტალისტი ბესიკ გაფრინდაშვილი.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მოადგილე დავით ბიწაძე ესწრებოდნენ.
1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
შედგენილი გეგმის მიხედვით აჯანყება ყველა ქალაქსა და მაზრაში ერთდროულად -29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. ჭიათურაში აჯანყება ერთი დღით ადრე,28 აგვისტოს დაიწყო. ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურისა და ზოგიერთი ქალაქის აღება.
ჭიათურაში ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოცხადდა. საბჭოთა მთავრობამ აჯანყება სისხლში ჩაახშო.
ჭიათურიდან სატვირთო მატარებლის ვაგონებით წამოყვანილი ტყვეები შორაპნის სადგურზე დახვრიტეს.