Hot line:252731

11 თებერვალს, პირველ ქართველ მთამსვლელ ქალს, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა

11 February, 2025

11 თებერვალს, პირველ ქართველ მთამსვლელ ქალს, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ჭიათურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით სოფელ ხრეითში, მთამსვლელ ჯაფარიძეთა სახლ -მუზეუმში ღონისძიება ,,ალექსანდრა -130 "გაიმართა, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად დაესწრო.

მუზეუმის ეზოში გამოფენა მოეწყო, სადაც მთამსვლელი ქალის სპორტული მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.

ალექსანდრა ჯაფარიძის ბიოგრაფიაზე, მის საეტაპო ასვლებსა და ლეგენდარულ ოჯახზე კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის ხელმძღვანელმა ინგა მაჭარაშვილმა, და-ძმა ჯაფარიძეთა სახლ-მუზეუმის დირექტორმა თამაზ მიქაცაძემ ისაუბრეს.

შეკრებილებს აუდიომიმართვით, ალექსანდრა ჯაფარიძის შთამომავალი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,,გეოლოგიის დოქტორი,ჭიათურის საპატიო მოქალაქე ივანე ჯაფარიძე მიესალმა,რომელმაც პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის ხრეითთან დაკავშირებული წლები გაიხსენა,ისაუბრა მის მიერ დაფუძნებულ ხრეითის სკოლაზე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ალექსანდრა ჯაფარიძის გახსენებისთვის.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ აღნიშნა,რომ ჭიათურა ყოველთვის ამაყობდა თავისი გამოჩენილი მამულიშვილებით.მათ რიცხს მიეკუთვნებიან ლეგენდარული მთამსვლელები, და-ძმა ჯაფარიძეები.

 „ ალექსანდრა ჯაფარიძე ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც თავის ძმებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს და სათავე დაუდო მთამსვლელობის გმირულ ისტორიას საქართველოში,რითაც საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ჩვენს ქალაქს და სოფელ ხრეითს. ჩვენთვის დიდი პატივია ,რომ დღეს ვიმყოფებით მის მშობლიურ სოფელში და ვიხსენებთ მრავალი თაობის აღმზრდელ, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილ ქალს, რომლის ბიოგრაფია სავსეა წარმატებებით,მიღწევებით და გამარჯვებებით.”- განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიებაში ხრეითის ალექსანდრა ჯაფარიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

Share page