სოფელ ზედა ბერეთისაში საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზედა ბერეთისაში იმყოფებოდა, სადაც დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მოწყობა.
აღნიშნული ხიდი ბერეთისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარეობს და ჭიათურა-კორბოულის დამაკავშირებელ გზას ემსახურება.
არსებული ხიდი, რომელიც მდინარე დუმალაზე გადის, პერიოდულად იტბორებოდა, რამაც მისი კონსტრუქციის დაზიანება გამოიწვია და გადაადგილება მნიშვნელოვნად გაართულა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ხიდის სრული რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 452 690 ლარს და რეგიონული განვითარების სამინისტროს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის მიერ ფინანსდება.
რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.
გივი მოდებაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ხიდის რეაბილიტაციის დეტალები. ასევე მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და არსებული პრობლემები, რომელთა ეტაპობრივად გადაჭრაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.


