Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაო კვირა ტრადიციული თათბირით დაიწყო

17 July, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში მერმა სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელს, ეკატერინე მამისეიშვილს, ერევანში გამართულ ბაროკოს მუსიკის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში პირველი პრემიის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სამუშაო შეხვედრაზე სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

გივი მოდებაძემ ასევე ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. მისი განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

პროექტი ითვალისწინებს ამორტიზებული სტადიონის რეკონსტრუქციას UEFA-ს III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად, ასევე საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას, რაც მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას შეუწყობს ხელს.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი გეგმავს ახალი მუნიციპალური ავტობუსების შეძენას, რომლებიც ყველა სოფლის მიმართულებით იმოძრავებს და მოსახლეობისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„ჩვენი მიზანია, დაგეგმილი პროექტების საშუალებით ხელი შევუწყოთ მუნიციპალიტეტის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ათვისებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას“, – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოქალაქეებთაან შეხვედრა გამართა,მათი პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ მერია აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე იმუშავებს.

 

Share page