Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

30 October, 2026

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან გივი მოდებაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა თეატრის გენერალური მენეჯერის ნანა წერეთელისგან მოისმინა.

მინისტრი თეატრის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.

ჭიათურის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად ისახავს ისტორიული შენობის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, შენობების მდგრადობის უზრუნველყოფას და თეატრალური სივრცის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება თეატრის დარბაზის ჭერზე არსებული რობერტ სტურუა უფროსის პანო, რომელიც თეატრის გამორჩეული მემკვიდრეობაა.

მინისტრთან ერთად, ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე,სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი,ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, თეატრის დირექტორი დავით ნიკოლაძე.

 

Share page