ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დავით გამრეკელის სახელობის საერთაშორისო საოპერო ფესტივალისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დავით გამრეკელის სახელობის საერთაშორისო საოპერო ფესტივალისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ქალაქის კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ოპერის მომღერლებმა, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა და გუნდმა. კონცერტს რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა.
საღამოზე სიტყვით გამოვიდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, რომელმაც ფესტივალის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით გამრეკელის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი მომავალი წლიდან აიღებს სტარტს და ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ელდარ გეწაძემ, იმერი კავსაძემ, ლიანა კალმახელიძემ, ვანო გალუაშვილმა და ინგა მაჭარაშვილმა. მათ დავით გამრეკელი გაიხსენეს და ისაუბრეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებსა და შემოქმედებაზე.
დავით გამრეკელი ჭიათურაში დაიბადა. იგი ქართული საოპერო და ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საოპერო კულტურის განვითარებაში.


