Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურის სოფლებში სპორტული და სახელოვნებო წრეების განვითარება იგეგმება

24 November, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მერიის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოფლებში სპორტული და სახელოვნებო წრეების განვითარების საკითხი განიხილეს. მერმა შესაბამისი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს ინიციატივის განხორციელებისთვის კონკრეტული დავალებები მისცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს და ახალგაზრდებს ისეთივე შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორიც ქალაქში მცხოვრებ მათ თანატოლებს. გვინდა, ყველა სოფელში შეიქმნას გარემო, სადაც ბავშვები შეძლებენ საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის გამოვლენას, იქნება ეს ფეხბურთი, სპორტის სხვა სახეობები, მუსიკა, ცეკვა თუ ხელოვნების სხვა მიმართულებები“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ინიციატივის ფარგლებში იგეგმება სოფლებში სპორტული წრეების ჩამოყალიბება, ასევე მუსიკალური და სხვა შემოქმედებითი მიმართულებების განვითარება. პროექტის მიზანია, სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სპორტულ და სახელოვნებო საქმიანობაში.

პირველ ეტაპზე, პრიორიტეტების დასადგენად, სოფლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობაში უნდა შეისწავლონ ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები. კვლევის შედეგების საფუძველზე დაიგეგმება სოფლებში სპორტული და სახელოვნებო წრეების ჩამოყალიბება, მწვრთნელებისა და პედაგოგების ჩართვა.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ირინა პაპიძე ესწრებოდნენ.

Share page