Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

30 January, 2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. საერთო კრება და კონსულტაცია მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტ სოფელში უკვე ჩატარდა.

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლაშა გოცაძე სვერის, გეზრულისა და ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 12 სოფელში იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

პარალელურ რეჟიმში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვაჭევის, მანდაეთის, ითხვისისა და კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ და და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ ჩაატარეს.

გამართულ კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მათთთვის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელებას დაუჭირა მხარი.

2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ); წყაროების მოპირკეთება;

• სარწყავი სისტემები;

• სანიაღვრე არხები;

• ნაპირსამაგრი სამუშაოები;

• გზები; მოსაცდელები;

• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

• გარე განათება;

• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

• ამბულატორიის შენობები;

• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;

• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა.

• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 812 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა ადგილობრივი ფინანსებით აღნიშნული თანხის გაორმაგება მოხდება და პროგრამის ფარგლებში 1 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

საერთო კრებები და კონსულტაციები ჭიათურის  60-ვე სოფელში ჩატარდება და 2 თებერვალს დასრულდება.

 

 

Share page