ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი დასრულდა

12 დეკემბერი, 2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი დასრულდა.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციეზე მიმდინარეობს და ყველა მათგანი დასრულების ეტაპზეა.

 დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან და სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა და სამშენებლო პროცესი დაათვალიერა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები, "საშევარდნოს" კლდეზე მშენებარე გადმოსახედი სივრცე და ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობის პროცესი დაათვალიერეს.

 ნაგუთის დასახლებაში, ტაბიძის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტის მიხედვით მოეწყო შიდა საავტომობილო გზა, ტროტუარები და სრულად განახლდა ეზოები.

სამუშაოების განსახორციელებლად 750 000 ლარია გამოყოფილი.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გოლდ ენდ ბრო“ ასრულებს.

 „ საშევარდნოს“ კლდეზე ქალაქზე გადმოსახედი სივრცის მოწყობა ითვალისწინებს: საფეხმავლო ბილიკების, გაზონების, გამწვანების, გარე განათების, ძელსკამების, მოაჯირების, საპარკინგე სივრცისა და სველი წერტილების მოწყობას. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. დასრულდა ობიექტამდე მისასვლელი საავტომობოლო გზის მოწყობა. სამუშაოების განსახორციელების მიზნით 1 123 456 ლარი დაიხარჯება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მეკა“ ასრულებს.

 ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოწყო ე.წ. სათვალთვალო ბორბალი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ასევე მიმდინარეობს - ადმინისტრაციული შენობის, გაზონების, გამწვანების, ძელსკამების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა. ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ თანამონაწილეობით ხორციელდება.

სამუშაოებს შპს ,,როუდ ქონსტრაქშენი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 1 250 000 ლარია.

 "საშევარდნოს" კლდეზე ქალაქზე გადმოსახედი სივრცე და ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

გააზიარე