მერის მოვალეობის შემსრულებელმა გაუქმებული საბაგიროები დაათვალიერა
ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ შპს „ბაგირგზების“ წარმომადგენლებთან ერთად აბაშიძე - 9 აპრილის ქუჩისა და თხელიძე - ყოფილი მედსანნაწილის საავადმყოფოს საბაგიროს სადგურები დაათვალიერა. ორივე საბაგიროს სადგური სრულად ამორტიზებულია. ბაგირგზების ხელმძღვანელობასთან გავლილი კონსულტაციების შედეგად იგეგმება ორივე გზის დემონტაჟი. როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, სადგურების ამ ფორმით არსებობა საფრთხის შემცველია. აუცილებელ დემონტაჟს საჭიროებს როგორც ხაზობრივი ნაგებობები, ისე რკინის კონსტრუქციები და შენობა- ნაგებობები. შპს ბაგირგზების წარმომადგენლებს სპეციალური პროექტის შექმნა დაევალათ, რომლის მიხედვითაც საბაგიროების დემონტაჟი განხორციელდება.
ცნობისთვის, თხელიძის საბაგირო გზა 1999 წლიდანაა გაჩერებული , აბაშიძის ქუჩის საბაგირო კი, 2003 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.
გივი მოდებაძემ დღესვე მუხაძის ქუჩაზე არსებული ძველი სამგზავრო საბაგიროს სადგურიც მოინახულა. გათვალისწინებულია, აღნიშნულ სადგურს მიეცეს ტურისტული დატვირთვა.
ჭიათურაში საბაგიროების მუზეუმის გახსნაცაა დაგეგმილი, სადაც დაცული იქნება ყველაფერი ის,რაც ჭიათურის ბაგირგზების ისტორიას ასახავს.