ცხელი ხაზი:252731

კეცხოველის პრემია

28 თებერვალი, 2019

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე ქალაქის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და დირექტორებს შეხვდა. აღნიშნული საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებმა იმერეთში გამართულ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში გაიმარჯვეს, სადაც იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლები მონაწილეობდნენ და 6 ფინალისტს შორის მოხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე საჯარო სკოლების გუნდის სპიკერებმა ირაკლი არიშვილმა (პირველი საჯარო სკოლა) და თიკო ბედინაშვილმა (მეხუთე საჯარო სკოლა) აღნიშნეს, ნახევარფინალში გუნდებმა აუდიტორიას პრეზენტაციის სახით მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს, რომლის თემა ეკოლოგიური საკითხები იყო, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ მოსწავლეებს ფინალის საგზურის მოპოვება მიულოცა.
" ჩვენთვის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისათვის განსაკუთრებით საამაყოა ჩვენი მოსწავლეების წარმატება ასეთ მნიშვნელოვან კონკურსებში, მით უფრო რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი საკითხები, ასე აქტუალურია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისა და თქვენს მიერ წარმოდგენილი ყველა საყურადღებო ინიციატივის მხარდაჭერისათვის’’-განაცხადა გივი მოდებაძემ.
შეხვედრაზე მოსწავლეების მიერ მართლაც დაისვა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ძუძუანას მღვიმემდე მისასვლელი გზის და ახლომდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. მერიის ხელმძღვანელობასთან ერთად დაიგეგმა გასვლითი შეხვედრა, აღნიშნული პრობლემის დაუყონებლივ მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს გივი მოდებაძემ ახალგაზრდებს ფინალში წარმატებები უსურვა და მერიის სახელით სასურველ მარშუტზე ექსკურსიით დააფინანსა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი 21 მარტს თბილისში გაიმართება . ფინალისტები საქართველოს ყველა კუთხიდან შეირჩევიან.

 

გააზიარე