ტურიზმი
მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.
მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.
სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილითაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.
მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.
კაცხის სვეტი | |
კაცხის სვეტი — შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯისმარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე.
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული — სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.
კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო.
2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.
კაცხის ტაძარი | |
კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი.
ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.
ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია
სვერის ციხე, სუერის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე სვერისხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფელ სვერის ჩრდილოეთით.
ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. სვერის ციხის აგების თარიღად მიჩნეულია VI-VII საუკუნეების მიჯნა. ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, სვერის ციხე უკვე არსებობდა მურვან-ყრუს შემოსევების დროს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა მისი აღება.სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.1590 სვერის ციხე ქართლის მეფემ - სიმონ I-მა დაიკავა. 1661 იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - ვახტანგ V-მ აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. 1744 იმერეთის მეფე - ალექსანდრე V დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. ხრესილის ბრძოლის (1757) შემდეგ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფო ხელისუფლებას. 1763 წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. იმერეთის აჯანყების (1810) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
ჭიათურის მღვიმეები
კარსტული მღვიმე-გამოქვაბულებით განსაკუთრებით მდიდარია ჭიათურის რაიონი, რომელიც, ძირითადად, კირქვულ ზოლშია გაშენებული, რაც ხელს უწყობს კარსტული პროცესების განვითარებას. თავისი ბუნებრივი ეგზოტიკით გამოირჩევა მდინარე საძალიხევის აუზში არსებული მღვიმეები. თსუ-ს ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი ამ რეგიონში სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის განსაკუთრებით საინტერესო შვიდ მღვიმეს გამოყოფს. თანამედროვე შეფასებით, საინტერესოა საძალისხევის, კაცხურას და ჯრუჭულას ხეობა. წელს გეოგრაფების ექსპედიციამ ჯრუჭულას ხეობის მღვიმეთა მდებარეობის კოორდინატები დააზუსტა და მათი ტურისტული პოტენციალი დაამუშავა. გეოგრაფებმა გიორგი დვალაშვილის ავტორობით 2010 წელს მოახდინეს ჭიათურის რაიონის ტურისტული მარშრუტების თეორიული პასპორტიზაცია და დაგეგმარება კონკრეტულად მღვიმეებისთვის. გეოგრაფის თქმით, არათუ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობასაც კი მცირე ინფორმაცია აქვს საკუთარ სიმდიდრეზე. არადა, ერთ ლოკალურ რეგიონში, მცირე ფართობზე ერთმანეთისგან განსხვავებული მღვიმეების მონახულება მიმზიდველი თავგადასავალია ტურისტებისათვის.
საქართველოს მღვიმეებში ასევე რეგულარულად მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები, რაც სპელეოლოგიური მასალების საფუძველზე ხდება. ბოლო წლების აღმოჩენაა უდოს მღვიმეში ნიკა თუშაბრამიშვილის აქეოლოგიური ექსპედიციის მიერ უძველესი ხანის ნახატები და იეროგლიფები. ამ მღვიმესთან მისვლა არცთუ ისე ადვილია, მაგრამ ექსტრემის მოყვარულებისათვის საინტერესო მარშრუტია.
გიორგი დვალაშვილი: "საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ, პროფესორ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით 10 წელზე მეტ ხანს იმუშავა სოფელ რგანში ორთვალა კლდის გამოქვაბულში და აქ მოპოვებულმა ქვედა და ზედა პალეოლითის ადამიანთა საცხოვრებელმა და სხვადასხვა მასალებმა მსოფლიო აალაპარაკა. ჭიათურის მღვიმეებში აღმოჩენილია ზედაპალეოლითის ეპოქის ნაშთები (კაჟის და ობსიდიანის იარაღები). დადგენილია შემდეგი ცხოველების არსებობა: ზებრა, ქურციკი, შველი, ირემი, გარეული ღორი, გარეული თხა, წაბლისფერი დათვი, მგელი, გამოქვაბულის დათვი, ციმბირის მაჩვი, ზღარბი, კვერნა, პრომეთეს თაგვი და სხვ. ეს კარსტული მღვიმე-გამოქვაბულებები საფუძველს ქმნის, რეგიონში სათავგადასავლო, კულტურულ-შემეცნებითი და ექსტრემალური ტურიზმის განვითარება საკმაოდ ინტენსიურად წარიმართოს."
ორთვალა კლდის (წილთოს III) მღვიმე სოფელ პერევისის მიდამოებშია. ეს ისტორიული დროის ნაგებობაა, რომლის წინა ორი დიდი გვირაბის კედლებს ეტყობა ხელოვნური დამუშავების კვალი, აღმოჩენილია ქვევრები და კერამიკის ნამტვრევები, მღვიმე ადვილი მისადგომია და იოლად გასავლელი. იგი გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ 1959 და 1990 წელებში გამოიკვლია.
ჭიპიანიკლდის მღვიმე კი მდ. ყვირილას მარცხენა ფერდობზე, კლდოვან ფლატეზე, ზღვის დონიდან 410 მ. სიმაღლეზეა. იგი ისტორიული ნაგებობაა - აღმოჩენილია ქვევრები, წყალსაცავი აუზი და სასაფლაო. მის გასავლელად საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი. ეს მღვიმე გეოგრაფებმა ჯერ კიდევ 1955 წელს აღწერეს.
არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს გვარჯილასკლდის მღვიმე სოფ. რგანის მიდამოებში, მდ. ჭერულას აუზში. იგი ძეგლთა დაცვის სახელმწიფო კომისიას ექვემდებარება. აქ მიკვლეულია ზედაპალეოლითის ეპოქის ნაშთები; კაჟისა და ობსიდიანის იარაღები. დადგენილია გარეული ღორის, ზებრას, ქურციკის, ირმის, წაბლისფერი დატვის, მგლის, მღვიმური დათვის, ზღარბის, კვერნას და სხვა ცხოველთა არსებობა. მღვიმე ადვილად მისადგომი და გასავლელია. გვარჯილასკლდის მღვიმე პირველად გამოიკვლია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, შემდგომში კი გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეორაზმმა.
მღვიმევის მღვიმეში, რომელიც მდ. ყვირილას ხეობის მარჯვენა ფერდობზე მდებარეობს, მღვიმევის XIII საუკუნის მონასტერია განლაგებული. აქ ასევე აღმოჩენილია ძველი ქვის ხანის ადამიანის მატერიალური კულტურის ნაშთები (ზედაპალეოლითი) - კაჟისა და ობსიდიანის ძვლის და ირმის რქის იარაღები. დადგენილია პირველყოფილი ხარის ანუ დომბას, ცხენის, ლომის, მღვიმური დათვის და სხვ. ცხოველთა არსებობის დამადასტურებელი ნიშნები. ერთ-ერთი ფარდულის კედელზე აღმოაჩინეს ზედაპალეოლითელი ადამიანის მხატვრობის ნიმუშები. მღვიმევის მღვიმე არქეოლოგიურად გამოკვლეულია აფაქიძის, ნ. ბერძენიშვილის, ალ. კალანდაძის, დ. თუშაბრამიშვილის და სხვათა მიერ.
არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს ძუძუანას მღვიმე, რომელიც სოფელ დარკვეთის სამხრეთით მდ. ნიკრისას ხეობაში მდებარეობს. აქ 2008 წელს აღმოაჩენეს 32 ათასი წლის ძაფის ნაკეთობა, რომელიც ლერწმისგან იყო დამზადებული. მღვიმის ნაწილში აღმოჩენილია პალეოლითელი ადამიანის სადგომი (კაჟის და ობსიდიანის იარაღები, ცხოველთა ძვლები), ზედა ფენაში - თიხის ჭურჭელი; ნაპოვნია პირველყოფილი ძაღლისა და ზურტაკეტის ცხენის დიდი ზომის ნაშთები. პირველი სართული ადვილი გასავლელია, მეორეზე ასასვლელად კი საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი, მღვიმე არქეოლოგიურად დ. თუშაბრამიშვალმა და ქ. დვალმა შეისწავლეს. სპელეოლოგიურად კი პირველად აღწერა და გამოიკვლია გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციამ (1975 წ).
ჯრუჭულის მღვიმე კი, რომელიც მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე მდინარის დონიდან 35 მ სიმაღლეზე მდებარეობს, საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. აქ კულტურული ფენებიცაა - აღმოჩენილია პალეოლითური დროის მდიდარი არქეოლოგიური მასალა, გათხრილია 4 მეტრის სიღრმის შურფი, მოპოვებულია ცხოველის ძვლები, წვეტანები, დანები და სხვა.
ნახიზნების მღვიმე სოფ. გუნდაეთთან მდებარეობს, ძნელად მისადგომ, ციცაბო მარჯვენა ფერდობზე. შესასვლელთან ქვითკირის კედლის ნანგრევებია, მღვიმის ჭერი გაჭვარტლულია. კულტურული ნაფენები შეიცავს მცენარეულ და პალეობიოლოგიურ ნაშთებს. მღვიმეს რეკონსტრუქციის დაღი აზის. არქეოლოგიური ნაშთების აღმოჩენა აქაც არის მოსალოდნელი. მღვიმე ადვილად გასავლელია. იგი პირველად აღწერა ზ. ტატაშიძემ 1957 წელს.
საქართველოს მღვიმეთა პალეოლოგიური თუ არქეოლოგიური შესწავლა კვლავ გრძელდება და სპეციალისტების თქმით, ისინი კიდევ მრავალჯერ გაგვაოცებენ. რაც შეეხება მათი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას, ამისათვის ჯერ ტუროპერატორებისა და სააგენტოების ინფორმირებაა საჭირო.