ცხელი ხაზი:252731

სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო ოთახი გაიხსნა

20 თებერვალი, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით , სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ს ფარგლებში, სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო ოთახი გაიხსნა.

ღონისძიებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ხათუნა ცერცვაძესთან ერთად დაესწრო.
საგანმანათლებლო ოთახი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

,,მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა კაცხის საჯარო სკოლაში. მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი ჭიათურის მუნიციპალიტეტმაც შეიტანა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჭიათურის სკოლებთან და ჩართულები ვართ ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო კაცხის საჯარო სკოლის ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

კაცხის საჯარო სკოლაში პროექტის განხორციელება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ს ფარგლებში მოხდა. კერძოდ, ორგანიზაცია PH International საქართველო, MAC Georgia-სთან ერთად გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანი იყო ისეთი სასკოლო ინიციატივების განხორციელება, რომლებიც სკოლას დაეხმარება უკეთესი გარემო და მომსახურება შესთავაზოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, მაქსიმალურად დაეხმაროს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათზე მზრუნველ ადამიანებს.

კონკურსის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლას დაუფინანსდა პროექტი ,,თანადგომა განვითარებისათვის"
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, ინიცირებულია ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, იმერეთში პროგრამას ახორციელებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

გააზიარე