ჭიათურის მერმა ფრანგი სტუმრები მიიღო
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს, იულია სოტიეს და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბორდის წევრს, დომენიკ ბევეს უმასპინძლა.
ფრანგული მხარის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანს ჭიათურაში მშენებარე სამგზავრო საბაგიროებზე არსებული ვითარების გაცნობა, ასევე ჭიათურაში ახალი სკვერის მოწყობა წარმოადგენდა.
სტუმრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს,რომ საქართველო გახლავთ „კოვიდ-19“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, ხოლო ის, რომ ჭიათურა ამ ბრძოლაში ბოლომდე ინარჩუნებს „მწვანე ქალაქის“ სტატუსს, მათთვის ორმაგად სასიამოვნოა.
იულია სოტიეს განცხადებით, ჭიათურაში ახალი სკვერის მოწყობა ფრანგული მხარის მხარდაჭერით მოხდება.
გივი მოდებაძემ და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა საბაგიროების სამშენებლო პროცესი შეაფასეს. დაათვალიერეს ცენტრალური სადგური და კომპანია „პომას“ ტექნიკური საწყობი,სადაც გონდოლები და სხვა მნიშვნელოვანი ტექნიკა ინახება. საბაგიროების მშენებლობა ამჟამად კოვიდ 19-ისგან გამოწვეული ვითარების გამოა შეჩერებული. სამუშაოები სრულფასოვნად ფრენების აღდგენის შემდეგ განახლდება.
დღესვე, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით,სამგზავრო საბაგიროების ცენტრალურ სადგურზე ჭიათურის მერმა სტუმრებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა და 7 ძირი ნაძვის ნერგი დარგო.
ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. ახალი საბაგირო გზა ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5.5 მეტრია. კაბინები კი 8 ადამიანზე იქნება გათვლილი.