ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის მკვიდრს,ნიჭიერ პიანისტს სანდრო გეგეჭკორს შეხვდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე შეხვდა ჭიათურის მკვიდრს, ნიჭიერ პიანისტს სანდრო გეგეჭკორს, რომელმაც ნიუ-იორკში მდებარე პრესტიჟული ჯულიარდის სკოლა წარმატებით დაასრულა და სამშობლოს დაუბრუნდა.
„სანდრო გეგეჭკორი არა მხოლოდ ჭიათურის, არამედ მთელი ქვეყნის სიამაყეა. თავისი გამორჩეული საშემსრულებლო ოსტატობით მან არაერთ წარმატებას მიაღწია.
ჭიათურის მერია ყოველთვის გვერდში უდგას ნიჭიერ ახალგაზრდებს და მზად არის მხარი დაუჭიროს მათ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, სანდრო კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას ქართულ და საერთაშორისო სცენებზე,“ – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა და მუსიკოსს სიმბოლურად ვაუჩერი გადასცა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მოადგილე დავით ბიწაძე დაესწრნენ.