11 აგვისტო - შინდისის გმირების დღე
11 აგვისტო - შინდისის გმირების დღე!
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, სოფელ ღვითორში, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოსთვის მებრძოლი შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის სახელობის მემორიალის გახსნას დაესწრო.
ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერმა სამშობლობისთვის თავდადებულ გმირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გმირობა თავისუფლებისა და ერთგულების სიმბოლოა.
„დღევანდელ დღეს, აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე, 17 ქართველ ჯარისკაცს ვიხსენებთ, რომლებმაც რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში, საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ღირსების დაცვას შესწირეს. მათი გმირობა თავისუფლებისა და ერთგულების სიმბოლოა. სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლი კი მარადიული პატივის ღირსია“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესარიონ გოფოძესთან და შმაგი კუპატაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ამირან მოდებაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.