ცხელი ხაზი:252731

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - შმაგი კუპატაძე შინდისის გმირია

8 აგვისტო, 2024

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, ჭიათურის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილე ბათუ ღვალაძემ და ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში კაპრალად მსახურობდა.

შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.

,,2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამორჩეულად მძიმე თარიღია. დღეს, ჩვენ გავიხსენეთ ამ ტრაგიკული ომის ერთ-ერთი მონაწილე, შინდისის გმირი - შმაგი კუპატაძე. შმაგის და ყველა იმ ბიჭების თავდადების მაგალითზე, რომლებმაც პატრიოტული სულისკვეთებით, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს რუსეთ - საქართველოს ომს, უნდა გაიზარდნონ თაობები. ჩვენი ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობა აუცილებლად მშვიდობიანი გზით აღდგება. “ - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია.

 

 

 

 

 

გააზიარე