ცხელი ხაზი:252731

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2025

2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ლაბაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, ჭიათურის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილემ ბათუ ღვალაძემ და ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის, შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში კაპრალად მსახურობდა.

შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.

„2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული თარიღია. დღეს, გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ შინდისის გმირს – შმაგი კუპატაძეს. მისი და იმ სხვა ქართველი ჯარისკაცების თავდადება, რომლებმაც რუსეთ - საქართველოს ომს სიცოცხლე შესწირეს, სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის. ჩვენს ქვეყანას, მათ ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით,“ – განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

 

გააზიარე