ცხელი ხაზი:252731

ახლადარჩეულმა მერმა პირველი თათბირი ჩაატარა

10 ივნისი, 2019

 დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ორშაბათის გაერთიანებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილე დავით ბიწაძე, მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
გივი მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე და შესაბამის სამსახურებს დაავალა კონტროლი გაუწიონ კერძო მეწარმეების მიერ საკუთარი ობიექტების ფასადების მოწესრიგებას. ასევე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, რაც ,,ჯორჯიან მანგანეზთან’’ თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. კერძოდ, 1 სექტემბრამდე შეზღუდვით, ხოლო 1 სექტემბრიდან ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად აიკრძალება მარგანეცით დატვირთული მანქანების გადაადგილება. მადნის გადატანა მოხდება რკინიგზით და სპეციალური საბაგიროებით. ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ მიერ შესყიდული ახალი ტექნიკით, დასუფთავების ბრიგადების მიერ სისტემატიურად მოხდება ქუჩების გადარეცხვა.
საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რაც ქალაქისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების საფუძველია.
აღინიშნა, რომ დასასრულს მიუახლოვდა ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა, რომლის ბოლო აკორდიც ბაგირების გაჭიმვა და გონდოლების დამონტაჟებაა. 
მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ჭიათურის მთელ რიგ სოფლებში დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები. რამდენიმე ხნის წინ გამოიცა პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რომელიც 2021 წლამდე დამატებით ათზე მეტი სოფლის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასწარი სამუშაოები დასრულდა და თვის ბოლომდე 60 ივე სოფელში დაიწყება აღნიშნული პროექტების განხორციელება.

 

გააზიარე