ჭიათურაში გივი წერეთლის მემორიალური დაფა გაიხსნა
ჭიათურაში სამედიცინო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის გივი წერეთლის მემორიალური დაფა გაიხსნა.
დამსახურებული ექიმის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და გივი წერეთლის შვილმა- რუსუდან წერეთელმა გახსნეს.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე,მოადგილე დავით ბიწაძე,ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, გივი წერეთლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ჭიათურის მერმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და გივი წერეთლის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.
„ ბატონი გივი იყო ჭიათურის ინტელიგენციის გამორჩეული წარმომადგენელი, რომელმაც თავისი მოღვაწეობით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენს ქალაქში. აღნიშნული მემორიალური დაფის გახსნა სწორედ ამ ღირსეული ადამიანის სახელის უკვდავყოფას ემსახურება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ასეთი ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ, ვიცოდეთ, რა ღვაწლი აქვთ მათ ჩვენი ქალაქის წინაშე და დავაფასოთ, როგორც შეგვიძლია“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.
ღვაწლმოსილი პიროვნება დამსახურებულმა პედაგოგმა,ჭიათურის საპატიო მოქალაქემ ნანული წერეთელმა,ექიმმა ეთერ ენუქიძემ და მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარემ,ჭიათურის საპატიო მოქალაქემ ნათელა მოდებაძემ გაიხსენეს.
გივი წერეთელი 1925 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჭიათურაში ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო სოფელ ზოდის ამბულატორიის ექიმად. გარკვეული წლების მანძილზე იყო ქალაქ ჭიათურის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი.
ასევე იყო ჭიათურა-საჩხერე-ზესტაფონის მთავარი სამედიცინო ექსპერტი და ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალი. 1977 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჭიათურის სანატორიუმ-პროფილაქტორიუმს და გახლდათ მისი მთავარი ექიმი.
ათწლეულები ხელმძღვანელობდა სანატორიუმ ---პროფილაქტორიუმს და გამოირჩეოდა ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი საუკეთესო უნარებით, რამაც განაპირობა, რომ მისი ხელმძღვანელობის წლებში ჭიათურის სანატორიუმი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქვეყნის მასშტაბით.
ყველაფერს აკეთებდა,რომ სანატორიუმი საუკეთესო ყოფილიყო თავისი კომფორტულობით,საწოლთა რაოდენობით,უახლესი სამედიცინო აპარატურით,მოწყობილობით,ინვენტარით,სადაც 170 მშრომელი ისვენებდა და მკურნალობდა ერთდროულად.
90 იანი წლებში ქალაქშიც და რესპუბლიკაშიც ბევრი სამედიცინო დაწესებულება გაპარტახდა.ჭიათურის სანატორიუმ-პროფილაქტორიუმი კი დღესაც ისე გამოუყურება,როგორც წლების წინ,როცა პირველ დამსვნებელს ღებულობდნენ,რაც პირადად ბატონი გივის დამსახურება გახლდათ და ამიტომაც იმსახურებდა ის თანაქალაქელთა უდიდეს პატივისცემას.
1997 წელს მიენიჭა ჭიათურის საპატიო მოქალაქის წოდება.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში.
გივი წერეთელი 2022 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა