ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრში აფხაზეთის ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოეტის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ,,დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილები“ პრეზენტაცია გაიმართა

24 ივლისი, 2024

ფილმის იდეის ავტორი კომპოზიტორი ია მაისაია ,სცენარისტი ნინო ხოფერია,რეჟისორი ზვიად მიქელაძე გახლავთ. პოეტის ლექსებისა და ბიოგრაფიის ეკრანიზაციამ, მისი ცხოვრების ტრაგიკულმა ფურცლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დარბაზში შეკრებილ აუდიტორიაზე.

პრეზენტაციას აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის მოგონებისთვის და ჭიათურის მერს გივი მოდებაძეს პოეტის ხსოვნის საღამოს ორგანიზებაში გაწეული წვლილისთვის.

" დიდი ემოცია დამიტოვა ფილმმა,რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ქალბატონის ხსოვნას მიეძღვნა. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძე ერთ-ერთი სამაგალითო ქალბატონი იყო აფხაზეთში.ყველამ იცის მისი ტრაგიკული ისტორია,მაგრამ ამ კადრებმა მაინც სხვანაირად აგვაფორიაქა,აქ სხვაგვარად ჩანს მისი ძალა,ქალობა, გმირობა და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ ასეთ ადამიანებს და დავაფასოთ მათი მოღვაწეობა-განაცხადა დავით ფაცაციამ.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,რომ ჩვენს სასიქადულო თანაქალაქელს,პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძეს იმერეთივით უყვარდა აფხაზეთი და აფხაზი ხალხი და მე მჯერა, რომ სამშობლოსთვის შეწირულ ულამაზეს ქალბატონს მალე აფხაზეთშიც მოიგონებენ და პატივს მიაგებენ,როგორც წესისა და კანონის გარეშე წარმართული ომის მსხვერპლს"-აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ღონისძიების ორგანიზატორი მაია ტყემალაძე, სცენარისტი ნინო ხოფერია, მწერალი ნანა ქარდავა და პედაგოგი ნანი სამხარაძე.

ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერში "უვიწყარა" ყავავილებით შეამკეს მემორიალური დაფა და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პოეტის ხსოვნას. 

გააზიარე