ცხელი ხაზი:252731

"ჭიათურობა“ 2019"

11 ნოემბერი, 2019

ჭიათურაში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული "ჭიათურობა“ 2019" აღინიშნა.

სახალხო ზეიმს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პარლამენტის წევრი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ასევე, სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.

დღესასწაულმა ამჯერად სტარტი ნაგუთის დასახლებიდან აიღო. თავდაპირველად, ნაგუთის ხარების სახელობის ტაძარში ჩატარდა წირვა, სადაც ტაძრის წინამძღვარმა დღესასწაულის სტუმრები და მონაწილეები დალოცა. დაგეგმილი აქტივობები მარიკა ბარათაშვილის სახელობის ახლად გაკეთებულ სკვერში გაგრძელდა, სადაც ფოტო და ხელნაკეთი ნივთები იყო გამოფენილი, გაიმართა სპორტული სანახაობები და კონცერტი, რომელშიც მეორე სამუსიკო სკოლა, სტუდია "ანცი-მელომანები", ნაგუთის სპორტულ ბაზასთან არსებული ბავშთა ვოკალური ჯგუფი, მე-5 და მე-7 საჯარო სკოლები, ასევე მე-3 და მე-4 ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილ ფაცხებში, რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის მიერ შემოდგომის ნობათი გამოიფენა.

გასართობი ღონისძიები გაგრძელდა ლეჟუბანშიც, სადაც მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების ფლეშმობი გაიმართა. აქაც მოეწყო იმერული ეზო.

შემდეგ სტუმრებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც პირველი საჯარო სკოლის ეზოში, იაშვილის ქუჩის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში, გამარჯვების პარკში, ნინოშვილის ქუჩაზე, პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის პარკში, ქალაქის პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებმა, გაერთიანებულმა ბაღებმა, ბიბლიოთეკებმა, სამხატვრო, სპორტულმა და მუსიკალურმა სკოლებმა, ანსამბლმა "ფესვებმა“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული თუ მხატვრული ღონისძიებები შესთავაზეს სტუმრებს. სოფლის საჯარო სკოლებმა, "ფინკას" ბანკმა, წიგნების მაღაზია "ბიბლუსმა“ და თვითნასწავლმა ხელოვანებმა თავიანთი გამოფენები წარმოადგინეს.

ჩოხოსანთა საზოგადოების ჭიათურის სადროშოს მიერ წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "სხვა საქართველო სად არი?“

კულტურული ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის ცენტრში ყანჩელის თემაზე საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული პიანისტის სანდრო გეგეჭკორის, პირველ სამუსიკო სკოლის გუნდისა და ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ ერთობლივი იმპროვიზაცია შესრულდა.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სახანძრო სამაშველო ტექნიკის პრეზენტაცია.

ასევე პირველად "ჭიათურობის“ დღესასწაულზე გაიმართა „ჯომარდობა“. ასობით ჭიათურელს ჰქონდა საშუალება ამ ულამაზესი სანახაობისთვის გამარჯვების პარკიდან ედევნებინა თვალი.

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში ატრაქციონები ბავშვებს უფასოდ ემსახურებოდა. შემდეგ ღონისძიებებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც სადღესასწაულოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები. ტრადიციულად, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული კუთხე თავისი ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს.

ჭიათურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ტრადიციულად, ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევა გახლდათ. წელს ეს პატივი წილად ხვდათ - ღვაწლმოსილ პედაგოგს ნონა გაფრინდაშვილს,რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს ქეთევან შარიქაძეს, ასევე დამსახურებულ ჟურნალისტს თებრო გაფრინდაშვილს, მეან-გინეკოლოგს ანდრო ფიფიას და რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერს, "ჭიათურმანგანუმის" ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკო შეყლაშვილს.

ასევე დაჯილდოვდნენ წლის ყველაზე წარმატებული ჭიათურელები: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი სანდრო გეგეჭკორი, 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ჩვენი თანაქალაქელი, მარნეულის მეორე საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე, ევროპის ჩემპიონი კრივში დავით ჯაფარიძე და ახლაგაზრდებს შორის სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი დიმიტრი ხუციშვილი.

მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ თანაქალაქელებს დღესასწაული მიულოცა და ჭიათურისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი შრომისთვის.

ღონისძიებები მოწვეული მომღერლების მონაწილეობით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჯგუფები:“ურსა“, „showtime“, მომღერლები: მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, აჩიკო ნიჟარაძე და ანდრია გველესიანი.

საზეიმოდ განათდა ჭიათურის სატელევიზიო ანძა.

ჭიათურელების წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

 

გააზიარე