ცხელი ხაზი:252731

გაფართოებული თათბირი ჭიათურის მერიაში

4 მარტი, 2019

 დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ორშაბათის გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირის დასაწყისში გივი მოდებაძემ დამსწრეთ მერის ახლადდანიშნული მოადგილე დავით ბიწაძე წარუდგინა,რომელიც წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა და მაღალი პროფესიონალიზმით,პატიოსნებით და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
თათბირზე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თითოეულ სოფელში არსებულ პრობლემებზე და შესასრულებელ სამუშაოებზე. თოვლის საფარის გამო არც ერთ სოფლამდე მისასვლელი გზა არ დაკეტილა, რაც შეეხება, რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას , დღის ბოლომდე ეს პრობლემა აღმოიფხვრება. შიდა საუბნო გზების მობეტონებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია და უახლოეს პერიოდში აღნიშნული სამუშაოები სოფლებში დაიწყება, რამდენიმე მათგანში კი გაგრძელდება.
გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს დარკვეთში, რგანსა და ითხვისის ნაწილში.
როგორც თათბირზე ბაგირგზების ხელმძღვანელმა განაცხადა აბაშიძე-9 აპრილის ქუჩისა და თხელიძის ქუჩის--ყოფილი მედსანაწილის საავადმყოფოს საბაგირო სადგურებიდან მოხდება მხოლოდ ბაგირებისა და გონდოლების დემონტაჟი უბედური შემთხვევის პრევენციისათვის უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
თათბირის დასასრულს მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება ახალი შ.პ.ს. ,,სოფლის წყალი“, რომელიც სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

გააზიარე