თათბირი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ,ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე 2025 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, სამომავლო პროექტებზე, ასევე ზამთრის გამოწვევებზე, მოახლოებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
გივი მოდებაძემ სხვადასხვა სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისაგან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაციები თავიანთ ორგანიზაციებში და სოფლებში არსებული მდგომარეობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
მერმა აღნიშნა, რომ 2025 წელს ჩვენი ქალაქის აღმავლობისა და კეთილდღეობისათვის კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს და ამისათვის ყველა ხელმძღვანელს მოუწოდა მაქსიმალური ჩართულობისა და აქტიურობისკენ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რომ 2025 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტი იყოს ბევრად განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული . ერთობლივად უნდა შევძლოთ ჭიათურელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება”-განაცხადა გივი მოდებაძემ.
ზამთრის გამოწვევებთან დაკავშირებით, მერმა უარყოფითად შეაფასა ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ მუშაობა და აღნიშნა, რომ ყველა ის პრობლემა , რაც მუნიციპალიტეტშია კომპანიამ დროულად უნდა გადაჭრას.
,, სოკარ გაზის“ მენეჯერის განცხადებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. სოფელ კაცხში 70 აბონენტია უკვე გამრიცხველიანებული. ამ ეტაპზე გაზიფიცირება დასრულდა სოფელ მორძგვეთში,სალიეთსა და კაცხში. ეტაპობრივად, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდ კაცხში, ქვაციხეში, რცხილათში, ეწერსა და საკურწეში.
სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე იმსჯელეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება .პირველი საერთო კრება 5 თებერვალს ჩატარდება. დასახლების საერთო კრება, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება და მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს აირჩევს..